უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ - მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება აუცილებელი პირობაა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.
"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეოთხე კვირა დღეს, როდესაც იკითხება სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ასისთავის მსახურის განკურნების შესახებ.
ქალაქ კაპერნაუმში იესო ქრისტესთან მიდის ასისთავი და სთხოვს მისი მძიმედ ავადმყოფი მსახურის განკურნებას. შეგახსენებთ, რომ იმხანად რომის იმპერიაში ყველა ქალაქში იდგა საჯარისო დანაყოფი; რადგან კაპერნაუმი პატარა ქალაქი იყო, სავარაუდოდ, იქ მხოლოდ ერთი ასეული იდგა, რომლის მეთაურის ხელშიც იყო მთელი ძალაუფლება იმ ქალაქში, ფაქტობრივად, ქალაქის მმართველი იყო. და აი, უფალი მას მიუგებს: "მე მოვალ და განვკურნავ მას" (მთ. 8,7). ე.ი. იესო ქრისტე მაშინვე უსრულებს თხოვნას, რადგან მან დაინახა, რომ მის წინაშე დგას სრულიად განსაკუთრებული ადამიანი, რაც გამოჩნდება კიდეც მისი შემდეგი სიტყვებიდან: "უფალო, მე არ ვარ ღირსი, რომ ჩემ ჭერქვეშ შემოხვიდე, არამედ, მხოლოდ სიტყვა თქვი და ჩემი მსახური განიკურნება, ვინაიდან, მეც კაცი ვარ ძალაუფლების ქვეშ მყოფი და მყავს ხელქვეით მეომრები და მსახურები. ვეტყვი ამას: "წადი" და მიდის, სხვას: "მოდი" და მოდის და ჩემს მონას ვეტყვი: "გააკეთე ეს და აკეთებს" (მთ. 8, 8-9). უფალმა ეს სიტყვები რომ გაიგო, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მას მისდევდა: "მთელს ისრაელში ვერ ვნახე მე ასეთი სარწმუნოება" (მთ. 8,10).
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა გაკვეთილი შეგვიძლია, გამოვიტანოთ დღევანდელი სახარებიდან. ისეთი რა განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა ამ ასისთავს, რომ სათნო ეყო უფალს და მან მაშინვე შეუსრულა მისი თხოვნა?
პირველ რიგში, ეს არის რწმენა; ასისთავს სწამდა, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, ის კი არ ორჭოფობს, შეძლებს თუ არა, უშველოს ჩემს მსახურსო, არამედ დარწმუნებულია, რომ იესო ქრისტე მას განკურნავს. ასეთი რწმენის გამო, უფალიც, რა თქმა უნდა, ეხმარება მას და დიდ სასწაულს მოახდენს.
შემდეგი თვისება ასისთავისა, ეს არის დიდი სიმდაბლე. იგი ამბობს, რომ ღირსი არა ვარ, ჩემს სახლშიც კი მიგიღო შენო. მაშასადამე, რწმენასთან ერთად სიმდაბლე და ღვთის წინაშე საკუთარი თავის უღირსების შეგრძნება ყოფილა აუცილებელი პირობა, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები შეისმინოს და თხოვნა შეგვისრულოს.
უფალი იესო ქრისტე ხაზს უსვამს მის ამ თვისებას, როცა ამბობს, რომ მთელ ისრაელში ვერ ვნახე ასეთი რწმენაო. როგორი "ასეთი რწმენა"? - დიდი რწმენა, შეერთებული ამ სიმდაბლესთან.
და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ამ ასისთავში დიდ სიყვარულს. როგორც გითხარით, იგი მმართველი იყო იმ ქალაქისა და თავისუფლად შეეძლო, სხვა ვინმე მიეგზავნა ქრისტესთან სათხოვნელად, მაგრამ პირადად მიდის მასთან. აქედან ჩანს, თუ როგორ უყვარდა მას თავისი მსახური და, ზოგადად, როგორი მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო ის.
ამიტომ დღეს, როდესაც მოვისმინეთ ეს სახარება, უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ, ვინაიდან, თუ გვინდა, უფალმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და შეგვისრულოს თხოვნები, ეს სამი თვისება აუცილებლად უნდა ვიქონიოთ.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ. შეგვეწიოს უფალი, რომ ვისწავლოთ ასეთი რწმენა, ვისწავლოთ ასეთი სიმდაბლე და სიყვარული. მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი; რამეთუ მას მხოლოსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ",- აღნიშნა მეუფე შიომ.