მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა, ასპინძაში კი ერთი. როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადა, ყირიმ-კონგოს ცხელება სოფელ ხერთვისში მცხოვრებ მამაკაცს სამი დღის წინ დაუფიქსირდა და პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წელს ახალციხეში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება შვიდ პირს დაუდასტურდა.
ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.