საჩხერეში კაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბრალდებულმა სიძის მეგობარი მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია განცხადებაში.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.