“სამზარეულოს ომების” გამარჯვებული - ალექსანდრე შათირიშვილი

2023-06-30 19:43:31

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 25 წლის ალექსანდრე შათირიშვილია - რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც ტელეპროექტ "სამზარეულოს ომების" გამარჯვებული გახდა. ის არ გვაპატიებს, რომ არ ვახსენოთ მაშიკო ზამთარაძე, რომელიც პროექტში მისი თანამეწყვილე იყო.

მას როგორც "შათირას" ისე იცნობენ და თუ თქვენ შათირაზე უფრო მეტი გაინტერესებთ,  იუთუბ არხ "ჯავახიშვილის გზას" უნდა ეწვიოთ.

პირველი ვიდეო, რომელიც აქ გვხვდება, გაცნობითი ხასიათისაა და ვგებულობთ, რომ ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარი მზარეულია, რომელიც უკვე ნახსენებ მაშიკოსთან ერთად უნიკალურ პროექტს ახოეციელებს.

ის ქართული საჭმელ-სასმლის თავგადასავლის ძალიან მაგარი მთხრობელია და ახერხებს, რომ მისი ორი საყვარელი საქმის, საჭმლის მზადებისა და მოგზაურობის გაერთიანებით, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას, საჭიროც გახდეს.

უფრო კონკრეტულად?

ორმა მეგობარმა მზარეულმა, მაშიკომ და ალექსანდრემ, გადაწყიტა გაიგოს თუ რა გზა გაიარა ბოლო ასი წლის გნმავლობაში ქართულმა საოჯახო სამზარეულომ. შედარებისთვის გამოიყენეს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მიერ, 1935 წელს ორგანიზებული ექსპედიციების მასალები, კვლევები. დაგეგემეს მხარეების მიხედვით, გაიარეს 12 000 კმ-ზე მეტი. 300-მდე სრულიად შემთხვევით არჩეულ ოჯახში სტუმრობით მათ დააგროვეს უნიკალური მასალა თანამედროვე ქართულ საოჯახო სამზარეულოს კულტურაზე და რაც ნახეს და თავს გადახდათ ყველაფერი დოკუმენტურად აღწერეს.

თითო სერია თითო მხარეზეა, სადაც ადამიანები, მათი ცხოვრების წესით, ჩვეულებებით, ძველი ტრადიციების შენარჩუნებით და ახლის მიღებით, ქმნიან თანამედროვე ქართული საოჯახო სამზარეულოს ხასიათს.

სერიალში კარგად ჩანს საქართველოს მხარეების ინდივიდუალიზმი და ამავე დროს საერთო ქართული კულტურული სივრცე. 

ეს თანამედროვე საქართველოს გემრიელი აღწერაა. ახალა კი, ორიოდე სიტყვა თავად ალექსანდრესგან.

"მე ვარ ალექსანდრე შათირიშვილი, შათირა, ვარ მზარეული, მკვლევარი და ბოდიალა ადამიანი. მიყვარს მოგზაურობა. მიყვარს მოგზაურობა და ახალი რაღაცების აღმოჩენა. 2 წელია ამ პროექტს ვაკეთებთ, პროექტი არის ივანე ჯავახიშვილის ხუთტომეულის მიხედვით, რომელიც არის საქართველოს შინამრეწველობაზე და წვრილ ხელოსნობაზე. ერთ-ერთი ტომი არის საჭმელ-სასმელი. ამ წიგნით შეგვიძლია გავიგოთ, მაგალითად, რას ჭამდნენ და რა მოჰყავდათ მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისში. წარმოიდგინეთ, რა მაგარი შანსი იყო, რომ საქართველო ნახო. თან ვნახულობთ საოცარ ხალხს და ვეცნობით, რას ჭამენ სინამდვილეში. შეგვხვედრია ხალხი, რომლებმაც ეს და ეს შეაერთეს, ძველი - ბებიაჩემის და ახლანდელი რაღაცები შევაკოწიწე და კერძი გააკეთა. ასეთი მაგარი შანსი არ მექნებოდა ცხოვრებაში არასდროს".

ალბათ აღარ გიკვირთ, რატომ გახდა ეს წყვილი "სამზარეულოს ომების" გამარჯვებული, არა?