იცოდი? - ვინ არიან რუსთაველი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ

2024-06-28 15:52:01

იცოდი? - ვინ არიან რუსთაველი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები განაგრძობს ისტორიის ახალი ფურცლების წერას. 26 ივნისს პორტუგალიის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლა და 1/8 ფინალში განაღდებული ადგილი მოვიპოვეთ.

26 ივნისის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა თემამ, გარდა ფეხბურთისა, აქტუალურობა დაკარგა. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების გულშემატკივრობა და თამაშის ყურება ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს, რომლებსაც თამაში მანამდე ერთხელაც კი არ ჰქონდათ ნანახი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ცხოვრების დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ფეხბურთია, "იცოდის" ამ ნაწილში მოგიყვებით რუსთაველ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში.

დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფეხბურთს დიდი ხანია უყურებენ და ჩვენს ნაკრებს ქომაგობენ, ძალიან კარგად იციან, ვინ არიან ეს ფეხბურთელები, თუმცა ჩვენი რუბრიკის მთავარი აუდიტორია, ალბათ, უფრო ისინი იქნებიან, ვინც ახლა ერკვევა ფეხბურთში.

ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში ორი რუსთაველი ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი და გაბრიელ სიგუა თამაშობს.

პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილს ქართველმა სპორტის ჟურნალისტებმა ქართველი ტონი კროოსი უწოდეს. კიტეიშვილს ხშირად მოიხსენიებენ ჩვენი ნაკრების ტვინად და ხერხემლად.

ვინც ფეხბურთში კარგად ერკვევა, ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობას ჩვენს გუნდში კარგად იაზრებს.

კიტეს, როგორც გულშემატკივრები მოიხსენიებენ, დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის 23 იანვარს 13 ნომრიანი მაისურით უზბეკეთი-საქართველოს ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა.



28 წლის რუსთაველ ნახევარმცველს ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 38 თამაში, გატანილი აქვს 3 გოლი და გაკეთებული აქვს 3 საგოლე გადაცემა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველო-მონტენეგროს ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ოთარმა ტრავმა მიიღო. ტრავმის გამო კიტემ თურქეთთან და საბერძნეთთან თამაშები გამოტოვა.

თუმცა პორტუგალიის წინააღმდეგ ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო და 94 წუთის განმავლობაში გუნდს დახმარებას უწევდა.

რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, კიტეიშვილი 2018 წლიდან ავსტრიულ საფეხბურთო კლუბში "შტურმში" თამაშობს. 2023-2024 წლის სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"შტურმში" კიტე 10 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

კიდევ ერთი რუსთაველი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და მათთან ერთად გერმანიაში იმყოფება ევროპის ჩემპიონატზე 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუაა.

სიგუას დებიუტი 2023 წლის 25 მარტს საქართველო-მონღოლეთის მატჩში შედგა.

რუსთაველი ნახევარმცველი ვილი სანიოლმა თამაშში 64 წუთზე შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად შემოიყვანა.

სიგუას ნაკრებში ჯერ-ჯერობით 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ორივეში შეცვლაზე შემოვიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი სანიოლმა ევრო2024-ზეც წაიყვანა. სანიოლმა სიგუა ნაკრებში მას შემდეგ გამოიძახა, რაც ჯაბა კანკავამ ევრო2024-ზე გუნდთან ერთად წასვლაზე უარი განაცხადა. სწორედ გაბრიელ სიგუათი ჩაანაცვლა კანკავა.

ჯერ-ჯერობით ევროპის ჩემპიონატზე მისი დებიუტი არ შემდგარა.

2023 წლის 25 ივლისს შვეიცარიულმა საფეხბურთო კლუბმა "ბაზელმა" ოფიციალურად გაიფორმა რუსთაველი ფეხბურთელი და მას შემდეგ საკლუბო კარიერას სწორედ იქ აგრძელებს.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები