რა უნდა გაითვალისწინოთ საპოლიციო კონტროლის დროს

2017-12-23 16:07:28

საქართველოს  მასშტაბით საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) დაწყებასთან დაკავშირბით, სახალხო დამცველი მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

"სპეციალური საპოლიციო  კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია  და/ან გამოვლენა წარმოადგენს. მინისტრის განკარგულების  საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე  და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები.

აღნიშნული ღონისძიების  ფარგლებში, კანონი მოქალაქეს  შემდეგ უფლებებს ანიჭებს:

მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა;
მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება;
მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში  დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული." - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს  შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე