"ათამდე ძაღლი გვხვდება სკოლის ეზოში"

2024-05-29 13:46:23

"ბავშვებს ეშიანიათ სკოლის ეზოში შესვლის,  თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. ათამდე ძაღლი გვხვდება სკოლის ეზოში",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მე-4 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სკოლის ეზოში მომრავლდა მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა, რომელთა გამოც მოსწავლეები შეშინებულები არიან.

მშობელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარება გვთხოვა.

"ბავშვებს ეშინიათ სკოლის ეზოში შესვლის,  თითქმის ყოველდღე ასეთი ამბავია. ათამდე ძაღლი გვხვდება სკოლის ეზოში. ყოფილა შემთხვევები ძაღლები მდგარან ზუსტად სკოლის შესასვლელთან, კარებთან, ერთმანეთში ჩხუბობენ და ბავშვები ვეღარ შედიან სკოლაში, იქნებ ვინმემ  იზრუნოს, რომ სკოლის ეზო იყო მაქსიმალურად უსაფრთხო",- აცხადებს მშობელი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, თამარ ხეჩიკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი პრობლემის არსებობის შემთხვევაში მშობელმა სკოლის მასწავლებელს ან ხელმძღვანელ პირს უნდა აცნობოს, შემდეგ კი სკოლა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ერთად საკითხს მოაგვარებს.

"როცა მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა ხოლმე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობა სკოლებთან. სკოლებიდან შედის შეტყობინება და ქალაქი ამას უპრობლემოდ აგვარებს. ეს არ ეხება მხოლოდ მე-4 სკოლას, ეს ეხება ნებისმიერს. მსგავსი სიტუაცია იყო მანამდე სხვა სკოლებშიც, როდესაც დავინახავთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე არიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მოსწავლეებსა და ნებისმიერ ადამიანს, ვინც სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილდება. ვუკავშირდებით შესაბამის ორგანოებსა და ისინი მყისიერ ზემოქმედებას ახორციელებენ. არ არის აუცილებელი, რომ რესურსცენტრს მიმართონ ამასთან დაკავშირებით, თითოეულ სკოლის ხელმძღვანელს შეუძლია პირადად დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურს და ისინი მოახდენენ რეაგირებას",- განგვიცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა.

როგორც ცხოველტა მონიტორინგის ცენტრში განგვიცხადეს, სკოლამ პრობლემასთან დაკავშირებით მათ წერილობით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.

"მიუსაფარი ცხოველები თუ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან, გამოირჩევიან  აგრესიულობით, საფრთხეს უქმნიან მოსწავლეების ჯანმრთელობას და ამასთანავე ფერხდება სასწავლო პროცესი, ამ  შემთხევაში სკოლოს დირექციამ უნდა მოგვმართოს განცხადებით. ჩვენი სამსახურის  წარმომადგენლები ადგილზე მივლენ გაატარებენ შესაბამის ღონისძიებას და მიუსაფარ ცხოველებს განარიდებენ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიიდან" - განაცხდა ,,ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი კუხალაშვილმა.