პარლამენტში დეპუტატები შეძახილების ფონზე შედიან

2024-05-13 08:37:48

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ.

დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებს მონებს" და "რუსებს" ეძახიან.

ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "გაუთენე საქართველოს" 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანი იყო, დილას პარლამენტში არ შეეშვათ უმრავლესობის წევრი დეპუტატები.

"ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა დღეს, 09:00 საათზე აქვს დაგეგმილი.