გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტანისხიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით სოფლის სასაფლაოზე, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტომობილი დაგორდა და ქვეით დედა-შვილს დაეჯახა.
დაშავებულები გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 31 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს, გარდაიცვალა, დაშავებული 6 წლის გოგონას კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.