19 წლის ბიჭი, რომელსაც ირლანდიაში სწავლა 90 000 ევროთი დაუფინანსდა

2024-05-03 15:35:50

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 19 წლის რუსთაველი ბიჭი, დათა შუკაკიძეა.

ის ირლანდიის წამყვან უნივერსიტეტში, 90 000 ევროიანი დაფინანსებით სწავლობს.

დათა University College Dublin-ის მეორე კურსის სტუდენტია.

აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია.

ირლანდიის რვა პრეზიდენტიდან ოთხი სწორედ UCD -ის კურსდამთავრებულია.


აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი რუბრიკის გმირი 1-ელი კურსის დასასრულს სტიპენდიანტიც გახდა.

"2021 წელს, ოჯახთან ერთად, ირლანდიაში წავედი.

ამ დროს უკვე ვიცოდი, თუ სად უნდა მესწავლა და მართლაც ისე მოხდა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე და ჩავირიცხე University College Dublin - City Planning & Environmental Policy.

ვსწავლობ ქალაქდაგეგმარების და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ფაკულტეტზე. სადაც მოვიპოვე სრული დაფინანსება (90 000 €). ახლა უკვე მეორე კურსზე ვარ.

ამ გზის გავლა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა როდესაც რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ოჯახის წევრების მხარდაჭერამ. საჯაროდ მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ყველაზე რთულ მომენტში ვგრძნობდი თანადგომას, ისინი მაძლევდნენ მოტივაციას, რომ ბრძოლა არ შემეწყვიტა.

ასევე დიდი მადლობა #24 ქართულ გიმნაზიას. სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად. სამომავლოდ ჩემი დიდი სურვილია აქ მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას დავუკავშირო".