"ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა"

2024-05-01 19:12:59

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლიდან „ენჯეოების“ „აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა“.

"მინდა აღვნიშნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს სახელმწიფო სუვერენიტეტის გამტკიცებაში, გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ. 2020 წლიდან „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოს დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. „ენჯეოების“ ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული.

მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები, საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. შესაბამისად, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა - ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერმა.