სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ. თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული.
ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.
ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.
უწყების ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა.