"ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს,"- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ძალაუფლება ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ.
"რუსული კანონის“ ავტორ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ღია გარიგება შედგა. „ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.
ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნეს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს.
„ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ - ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით!
რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ,“ - განაცხადა სიჭინავამ.