პიცერია "ტაშირ პიცაში" ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.
ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი",- ნათქვამია განცხადებაში.