საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ზაფხულის სეზონისთვის უცხოეთში ტურების დაგეგმვა უკვე დაიწყო. საინტერესოა, ძირითადად რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი ტურისტები მოგზაურობისთვის.
როგორც გამყვანი ტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, ისევე როგორც წინა წლებში, მიმდინარე წელსაც დიდია მოთხოვნა საბერძნეთისა და თურქეთის ტურებზე.
"გაიზრდება თურქეთისა და საბერძნეთის მიმართულებებზე მოთხოვნა. ამ ეტაპისთვის ძირითადად ეს მიმართულებებია მოთხოვნადი", - განაცხადა OK Travel-მა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ და "ევრო ტურის" საგზურის მოპოვებამ გავლენა მოახდინა გამყვან ტურიზმზეც. როგორც "გამყვანი ტურიზმის ასოციაციის" თანადამფუძნებელი და "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აღნიშნავს, დაგეგმილ მატჩებთან დაკავშირებით დიდია მოთხოვნა გერმანიის მიმართულებაზე.
"როგორც ყოველთვის, წელსაც მოთხოვნადია ზაფხულისთვის თურქეთი, საბერძნეთი, ევროპის ქვეყნები, მაგრამ ახლა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ტარდება და მეტი ყურადღება გადატანილია აქეთკენ. მატჩების პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება იქნება გერმანია", - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.
ცნობისთვის, გასული წლის ზაფხულში საქართველოდან ყველაზე მეტი, 93 200 ვიზიტი თურქეთში განხორციელდა, 35 900 - სომხეთში, 32 400 - რუსეთში, 31 400 - ევროკავშირის ქვეყნებში, 3 100 - აზერბაიჯანში, ხოლო სხვა ქვეყნებში 28 700 ვიზიტი განხორციელდა.