როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი კორპუსის სახურავი დაზიანებულია

2024-04-17 12:32:16

თუ რუსთავში თქვენი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანებულია, შეკეთებისთვის ან მისი სრულად გამოცვლისთვის საჭიროა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ქალაქის მერიას მიმართოს.

როგორც მერიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში 2 პროგრამა მოქმედებს.

"კორპუსის გადახურვის საჭიროების შემთხვევაში, ამხანაგობამ რუსთავის კორპუსს უნდა მიმართოს.

ამ მიმართულებით 2 პროგრამა მოქმედებს - სახურავების რეაბილიტაციისა და ინიციატივების პროგრამა. სახურავების რეაბილიტაციის პროგრამა მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინიციატივების პროგრამა სამშენებლო (ამ შემთხვევაში გადახურვისთვის საჭირი) მასალების შეძენას და მოსახლეობისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

ინიციატივების პროგრამით გადახურვის მასალები იანვრიდან უკვე 50 მისამართზეა მიტანილი", - აცხადებენ მერიაში.

რომელი პროგრამით ისარგებლებთ, ეს სახურავის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე იქნება შეფასებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივების პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ, კორპუსისთვის საჭირო სხვა შემთხვევებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები