ლეგალური დასაქმების სახელმწიფო პროგრამით, 2023 წელს გერმანიაში საქართველოდან 1 193 პირი დასაქმდა, ისრაელში კი 3. ამის შესახებ „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია“ ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2021 წელს დაიწყო პროგრამა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების თაობაზე და 2 732 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანული მხარის მიერ.
„20 პირი დასაქმდა ისრაელის სახელმწიფოში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, მათ შორის 2023 წელს - 3 (ისრაელის სახელმწიფოში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში), - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ნათქვამია, რომ „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“- შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის 6 თებერვალს, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო 2021 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge.
„სულ ბაზაში რეგისტრირებულია 99 838 პირი (2023 წელს დარეგისტრირდა 443 პირი). აქედან სატელეფონო კომუნიკაცია შედგა 76 000-მდე პირთან, საიდანაც გასაუბრებაზე გამოცხადდა დაახლოებით 4 030-მდე პირი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება ისრაელს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წელს, ისრაელის სახელმწიფოში ექთნის დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმების მიზნით დარეგისტრირდა 115 პირი, ხოლო დასაქმდა 3. ამ ეტაპისთვის პროგრამის განხორციელება შეჩერებულია ისრაელის სახელმწიფოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.
„ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი საიმპლემენტაციო ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან, საფრანგეთის რესპუბლიკასთან და ბულგარეთთან. სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.