"ვიწყებთ სრულ მობილიზაციას! დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას", - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" განცხადებაშია საუბარი.
მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ეხმაურებიან.
დილა ისევ ღალატით დაიწყო!
დილა დაიწყო ისევ გადაგდებით!
“რუსულმა ოცნებამ” დღეს საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უთხრა: გადაგაგდებთ რამდენჯერაც მოგვინდება! მოგატყუებთ რამდენჯერაც საჭირო იქნება! საქართველოს რუსეთიზაციის პოლიტიკაზე ხელს არ ავიღებთ!
დღეს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს პუტინისტური ხელისუფლების რეალურ სახეში, რომლებიც აპირებენ გენერალური შტურმი მიიტანონ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არჩევნებამდე კიდევ ერთხელ სცადონ მისი სრული საბოტაჟირება.
კანონის ხელახლა დაინიცირება აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება კრემლში და არა თბილისის რომელიმე კაბინეტში.
დირექტივა მოდის იქიდან, საიდან მართვაზეც ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად 33 წლის წინ, რეფერენდუმით თქვა უარი!
რუსეთი ისევ, ამჯერად საქართველოში არსებული ხელისუფლების ხელით ცდილობს ქვეყნისთვის პერსპექტივისა და მომავლის წართმევას.
ჩვენ, ახალგაზრდები, რომლებმაც გასულ წელს არ მივეცით ამის საშუალება ხელისუფლებაში მყოფ კოლაბორაციონისტებს, არც ამჯერად ვაპირებთ უკან დახევას, პირში წყლის დაგუბებას და რუსული დაკვეთის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობის მიცემას.
ქართული ახალგაზრდობა, სტუდენტობა, საკუთარი დუმილით ვერ გახდება ქვეყნის რუსეთიზაციის თანამონაწილე!
სწორედ ამიტომ, განცხადებაზე ხელმომწერი ახალგაზრდული ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ ყველა ხელთ არსებული საშუალებით დავუპირისპირდებით საქართველოს გარუსების კიდევ ერთ, მასშტაბურ მცდელობას.
არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანა განვითარების დასავლური რელსებიდან გადაიყვანოს და კვლავ რუსულ მარწუხებში დააბრუნოს, საკუთარი ავტოკრატიული ვნებებით.
დღეიდან ვიწყებთ სრულ მობილიზაციას, საზოგადოებისა და ჩვენი თაობის წარმომადგენლების ინფორმირებას, რათა რეჟიმმა ვერ შეძლოს ზემოთ აღნიშნული მიზნების სისრულეში მოყვანა!
ერთად დავიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს და კვლავაც ვიტყვით: ზღაპრის ბოლო კეთილია!
გამოწვევა მიღებულია!, - წერენ სტუდენტები.