ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციას.
თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების შემთხვევაში, კანონპროექტი აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორებისას – 6 000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.
სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება მხოლოდ ისეთი თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე და აკმაყოფილებს დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.
"კანონპროექტის მიღების შედეგად კოდექსში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები გამოსწორდება, პრევენციის მიმართულებით კოდექსი უფრო სრულყოფილი იქნება, კანონპროექტის მიღების შედეგად დარეგულირდება თევზჭერისთვის გამოყენებული იარაღების სამოქალაქო ბრუნვა და განისაზღვრება შესაბამისი სახდელები აღნიშნული წესების დარღვევისთვის", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.