ნახშირწყლები რთული ორგანული ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ნახშირწყლები ჩვენი კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თითქმის ყველა სახის პროდუქტში გვხვდება. გავრცელებულია წარმოდგენა, რომ თუ სწორად ვიკვებებით - ნახშირწყლები არ უნდა მივიღოთ. ამ თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კლინიკა “რუსთავის” ენდოკრინოლოგი ლელა ხიჯაკაძე ესაუბრა.
ექიმის თქმით, აუცილებელია შეგვეძლოს ნახშირწყლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან სხვადასხვა ნახშირწყლების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე განსხვავებულია.
“უნდა აღვნიშნოთ, რომ ნახშირწყლები ცხიმებთან, ცილებთან, მიკრო, მაკრო ელემენტებთან და ვიტამინებთან ერთად აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის. ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი ნუტრიენტია - დღიური კალორაჟის ნახევარზე მეტს ნახშიწრყლები უნდა შეიცავდეს, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს ჩვენთვის სასარგებლლ ნახშირწყლების ხარჯზე. როდესაც ნახშიწრყლებს ვეხებით უნდა აღვნიშნოთ რა და რა სახის არსებობს - ეს არის მარტივი და რთული ანუ ჩვენთვის სასიკეთო და საზიანო. მარტივ ნახშირწყლებს მიეკუთვნება ჩვენთვის საზიანო ნახშიწრყლები, რომლებსაც ორგანიზმი მარტივად ითვისებს, მალე მეტაბოლიზდება, სისხლში გულოკიზს ჭარბი რაოდენობით დაგროვებას იწვევს, მალე გვშივდება. მარტივი ნახშირწყლების მიღება რეკომენდირებული არ არის. სასარგებლო ნახშირწყლებია რთული ნახშირწყლები, რომლებიც დაახლოებით 2000 კილოკალორიის დღიური რაციონიდან 1100-1200 კილოკალორიას უნდა შეადგენდეს, ასეთი ნახშირწყლები რთულად ათვისდება ორგანიზმის მიერ, სისხლში გლუკოზის მალე მომატებას არ იწვევს, შესაბამისად ნაყროვანება დიდხანს გრძელდება და ჩვენი ორგანიზმისთვის სასიკეთოა.”- ამბობს ენდოკრინოლოგი.
ექიმმა ნახშირწყლების კვებიდან სრულად ამოღების შემთხვევაში გამოწვეულ უარყოფით შედეგებზეც ისაუბრა.
“ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. როდესაც ნახშიწრყლების დონე საერთოდ შემცირებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი, ორგანიზმი ენერგიის გარდასაქმნელად დაგროვილ ცხიმს მოიხმარს. სისხლში გროვდება ცხიმის დაშლის პროდუქტი - კეტონი, ვითარდება კეტოციზისი, რომელიც ორგანიზმისთვის და სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია და განსაკუთრებით დიაბეტიანი პაციენტებისთვის ეს შეიძლება კეტოაციდოზური კომის ჩამოყალიბების მიზეზიც კი გახდეს. ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა მცდარია. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ რთულ ნახშირწყლებს, რომლებსაც ძირითადად შეიცავს ნებისმიერი სახის ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ნახევრადმარცვლეული, თხილეული, პარკოსნები.” - განუცხადა ენდოკრინოლოგმა ლელა ხიჯაკაძემ ინფო რუსთავს.