კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათ მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა. საქმე ეხება "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, კერძოდ, დაჯარიმდნენ ობიექტები, რომლებსაც მენუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ შედგენილი და გაფრთხილების მიუხედავად აღნიშნული არ შეცვალეს.
"სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი, შპს "დარიას" - 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" - 1 789.22 ლარი და შპს "ჰარვიდენტის" - 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა", - წერია განცხადებაში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის ნოემბერში ბათუმში კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაუდგინა.