გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას ელექტროშოკური აპარატის, გასაბერი ნავისა და ჩოგანბადის საშუალებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული, ჯამში, 40 კილოგრამამდე ჭანარის, ხრამულისა და შამაიას სახეობის თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება შსს-ს გურჯაანის რაიონულმა პოლიციამ დაიწყო.