მექსიკაში 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული.
ინფორმაცია თავდაპირველად "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ქალებიც არიან,თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.
გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.
"ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ...შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას...იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ." წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს: "საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით".