ვის ექნება პენსია 1000 ლარი

2024-03-16 13:38:02

ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის 2024 წლიდან პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარი იყო.

"მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე, საშუალოდ, 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, გვინდა, რომ შემოსავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.