მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები, თავადვე არიან საწვავის იმპორტიორები - ამის შესახებ "სენტა ოილის" დამფუძნებელმა რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" ისაუბრა.
მისი თქმით, შემდეგ ეს დიდი ქსელები, მცირე ბენზინგასამართ სადგურებსაც ამარაგებენ. თუმცა, კითხვაზე, მაშინ რატომ ღირს მათ მიერ მომარაგებულ პატარა ქსელებში საწვავი უფრო იაფი, ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ბრენდული ბენზინგასამართები უფრო მომგებიან სიტუაციაში არიან, მეტი ქსელი და საინტერესო ლოკაციები აქვთ, შესაბამისად, ეძლევათ შანსი, რომ მათი საწვავი უფრო ძვირად გაიყიდონ.
"ძირითადად, მსხვილი ავტოგასამართი სადგურების მეპატრონეებს მეტი რაოდენობა შემოაქვთ და შემდეგ ხდება განაწილება. ისინი ძირითადად თავის ქსელს ამარაგებენ, თუ სიჭარბე არის, ის შეიძლება გავიდეს ბაზარზე და იყიდოს მცირე საწარმომ.
რაც შეეხება ფასს, თითოეულ კომპანიას თავისი პოლიტიკა აქვს, კიდევ ასე შეიძლება ავხსნათ, დიდი ავტოგასამართი სადგურები, გაცილებით მომგებიან სიტუაციაში არიან, მათი ლოკაციები უფრო საინტერესოა და საწვავი შესაძლებელია, რომ უფრო მეტად გაიყიდოს. უბრალოდ, ასეთი მიდგომაა",- განაცხადა ზაალ იაკობიძემ.