ევროკავშირში შაურმის აკრძალვას ითხოვენ. ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს. შაურმის აკრძალვას ფოსფატების გამო ითხოვენ, რომლებსაც მზარეულები შაურმის დასამზადებლად განკუთვნილ ნახევარფაბრიკატ ხორცში იყენებენ. ევროპელი მეცნიერების ნაწილის მტკიცებით, ეს ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტის ნაწილი იზიარებს და ევროპის ქვეყნებში შაურმის აკრძალვას ითხოვს. ნაწილი კი აკრძალვას არ ეთანხმება, რადგან, მათი განცხადებით, საშაურმეების აკრძალვის შემთხვევაში უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩება. აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ამ სფეროში დაახლოებით 200 000 ადამიანია დასაქმებული. საშაურმეების მფლობელების განცხადებით, შაურმის პოპულარულობა პროდუქტის აკრძალვის შესახებ ინიციატივის განხორციელებას ხელს შეუშლის.
სტატისტიკური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 1.3 მილიონი შაურმა იყიდება. ყოველწლიურად კი ევროკავშირის მოქალაქეები 500 ტონა შაურმას მიირთმევენ. პროდუქტის 70%-ს გერმანიაში ამზადებენ.
ევროკავშირში შაურმის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს მიიღებს.