ნიკა გვარამიამ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად პარტიის „ახალი“ პრეზენტაცია გამართა.
"ჩვენ ვართ ერთად, ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ, და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ ახალი პარტიის პრეზენტაციისას.
ნიკა გვარამიას თქმით, დღევანდელი ღონისძიება არის „ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდეგი გაერთიანებების სურვილით. მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების.“
როგორც გვარამიამ თქვა, გამარჯვების სანაცვლოდ „ნებისმიერი რამის“ დასათმობად არის მზად, მაგრამ ეს ვერ იქნება „მხოლოდ ჩვენი ინიციატივა“.
"ჩვენ არავის მოგიწოდებთ შემოერთებისკენ, ჩვენ გთავაზობთ გაერთიანებას. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გაერთიანებისტი ვარ და მე ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამ გაერთიანების შემდეგ შევძლებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ! არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალსა და წარმატებებზე“, — თქვა ნიკა გვარამიამ.
მან ნიკა მელიას შესახებ თქვა, რომ ახალ პოლიტიკურ ძალაში ერთად არიან. მელიასა და გვარამიას პარტიის ნომერი იქნება 4, ძირითადი ფერები კი – მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი.
პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა უახლოეს მომავალში გაიმართება.