სასამართლომ 10 პირი დამნაშავედ ცნო

2024-03-07 20:35:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდის" დავალებით და დისტანციურად მონაწილეობით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა თბილისში "ურდული გარჩევა" მოაწყვეს, სადაც ფინანსური დავა განიხილეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით ("კანონიერი ქურდობა"), ხოლო ცხრა პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კანონიერ ქურდობაში" ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით, "ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულ 3 პირს - 8 წლით, ხოლო 5 პირს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

რაც შეეხება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე კიდევ ერთ ბრალდებულს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერად და სასჯელის სახით 3 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან მიმართებაში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.