ქვემო ქართლში დირექტორი, რომელმაც კლასები აკურთხა, სამინისტრომ გააფრთხილა

2024-03-06 13:04:43

წალკაში, სოფელ არწევანის საჯარო სკოლის დირექტორს ფრიდონ დავითაძეს, კლასების კურთხევის გამო სამინისტრომ მხოლოდ გაფრთხილება მისცა.

„შიდა აუდიტმა და განათლების სამინისტრომ მისცა გაფრთხილება დირექტორს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

ეს ადამიანი არც ყოფილა დირექტორი, მოვალეობის შემსრულებელი იყო. ახლა გამოცხადდა კონკურსი და მონაწილეობას აღარ იღებს ეს ადამიანი“, – ამბობს წალკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არსენ ჯმუხაძე „ბათუმელებთან“.

სოფელ არწევანის საჯარო სკოლაში კლასები სასწავლო პროცესის დროს აკურთხეს, რაც სკოლის მასწავლებლების ნაწილმა გააპროტესტა.

"ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“

საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევნები განათლების სამინისტრომ უკვე მეორედ გამოაცხადა.

მეორე ეტაპზე, არწევანის საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოხატა.

წყარო: ბათუმელები