რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს.
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც გასული საუკუნის 90 -იან წლებში, რუსთავის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა.
2024 წლის სიმპოზიუმისთვის მზადება, რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავება და სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
"კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიციის აღდგენისთვის ვემზადებით. წელს რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს. სკულპტორთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რუსთავში პირველად 1990 წელს ჩატარდა და მასში ქართველი მოქანდაკეების გარდა, იაპონელი, კუბელი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ხელოვანები მონაწილეობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია აღვადგინოთ. სიმპოზიუმი ივნისის დასაწყისში გაიხსნება და რუსთავის უნიკალური პარკის ტერიტორიზე მოწყობილ სივრცეში, ქართველი და უცხოელი მოქანდაკეები, სპეციალურად ჩვენი ქალაქისთვის შექმნიან სკულპტურულ ნამუშვრებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
1990-დან 1995 წლამდე, სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა, როგორც მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია ამბობს, იმ პერიოდის საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის, ეს უნიკალური მოვლენა იყო. "ამ ტრადიციის აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მარტო ხელოვნების ამ დარგისთვის, არამედ ქალაქისთვის, ეს ძალიან გამოაცოცხლებს ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას. წლევანდელ სიმპოზიუმში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას", -განაცხადა მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ, რომელიც რუსთავის მერთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოებს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მოწყობილი სიმპოზიუმის შედეგად, ქლაქს 21 ქანდაკება დარჩა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოქანდაკეთა სიმპოზიუმი 2016 წელსაც ჩატარდა და მაში მონაწილეობა რვა ქართველმა და სამმა უცხოელმა სკულპტორმა მიიღო.
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024, 8 ივნისს გაიხსნება. ქართველი და უცხოელი სკულპტორები, სიმპოზიუმის სივრცეს 21 დღის განმავლობაში დაიკავებენ და მათ მიერ შექმნილი ქანდაკებები, რუსთავის ქუჩებში განთავსდება. სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.