საცხოვრებელ ობიექტსა და მაღაზიებში ქიმწმენდის მოწყობა აიკრძალა

2024-03-04 12:29:51

ქიმწმენდის საწარმოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომელიც ამ სახის ობიექტის გარკვეულ შენობებში, მათ შორის საცხოვრებელში განთავსებას კრძალავს.

ამასთან, ქიმწმენდებს რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდებათ.

საქართველოს მთავრობამ ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ყველა ტიპის ქიმწმენდაზე ვრცელდება.

1-ელ მარტს, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში. ასევე, შეზღუდულია აღნიშნული შენობების სიახლოვეს განთავსებაც. კერძოდ, დიდი ქიმწმენდები მსგავსი შენობებისგან მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყვნენ დაშორებულნი, ხოლო მინი ქიმწმენდები - 50 მეტრით. მინი ქიმწმენდების განთავსება დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში.

ამასთან, აკრძალულია ქიმიური წმენდისთვის ტანსაცმლის და სხვა ნივთების მიმღები ადგილის განთავსება მაღაზიებში (სუპერმარკეტების იმ სივრცეებში), სადაც კვების პროდუქტები იყიდება.

მოთხოვნებშია დამოუკიდებელი სათავსების არსებობა ტექნოლოგიური ოპერაციებისთვის, რაშიც მოიაზრება: სახარჯო მასალების დაწყობა, მიღება, ნაწარმის დახარისხება და პარტიების დაკომპლექტება, ლაქების ამოყვანა და გასუფთავება, ნაწარმის დამუშავება ორგანულ გამხსნელებში, გაჟღენთვა, სველი და თბური დამუშავება, საკერავი-სარემონტო სამუშაოები, ხარისხის შემოწმება, დაკვეთის გაცემა და სხვ. დაუშვებელია ქიმიურად გაწმენდილი და გაუწმენდავი ნაწარმის ერთად შენახვაც.

ამასთან, ქიმწმენდამ უნდა დაიცვას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და გარემოსდაცვითი ნორმები. ვალდებულებებშია საწარმოს შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია. ქიმწმენდის საწარმომ თავად უნდა უზრუნველყოფს მავნე საწარმოო ფაქტორების პარამეტრების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კონტროლი. უშუალოდ სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა კი ნივთიერებების საშიშროების კლასიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკონტროლდეს.

დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მუხლში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულის პერიოდული სამედიცინო შემოწმება, დაატრენინგოს, უზრუნველყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ამასთან, ობიექტებმა უნდა დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ხმაურთან, ვენტილაციასთან, ვიბრაციასთან, სამუშაო ადგილის განათებასთან, ნარჩენების მართვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებით.

აღნიშნული რეგლამენტი 1-ელ მარტს ამოქმედდა, მოთხოვნებზე ზედამხედველობა კი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი შრომის ინსპექციის სამსახურია.