რუსთავში კაცის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმს ადანაშაულებს [video]

2024-02-17 18:06:38

9 თებერვალს რუსთავში გარდაცვლილი 66 წლის თენგიზ კობერიძის ოჯახი მის გარდაცვალებაში სადაზღვეოს ექიმს ადანაშაულებს. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კობერიძის ოჯახის წევრმა, ლია შუბითიძემ განუცხადა, მისი სიძის გარდაცვალება ექიმის მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ გამოიწვია.

"ჩემი ოჯახის წევრები ცუდად იყვნენ. მიმართეს მარდალეიშვილის კლინიკას, ექიმს თამარ მარხვაიძეს, რადგანაც დაზღვეულები იყვნენ. ექიმმა ჯერ მამას ფილტვები გაუსინჯა და უთხრა, რომ ფილტვები სუფთააო, არაფერი არ გჭირსო. ადამიანი იმდენად ფერმკრთალი იყო და იმდენად ცუდად იყო, რომ ამას ექიმი კი არა ნებისმიერი ადამიანიც ერთი შეხედვით მიხვდებოდა, რომ მისი მდგომარეობა არ იყო კარგად. ექიმმა დაუნიშნა ნუროფენი და გამოუშვა სახლში. შემდეგ შევიდა ჩემი დის შვილი, რომელიც საერთოდ არ გასინჯა და მასაც ანალოგიურად ცხვირის სპრეი დაუნიშნა და ნუროფენი. არანაირი ლაბორატორიული კვლევები არ ჩაუტარა. იქიდან 6 თებერვალს, სამშაბათს წამოსულს   პარასკევს დაეწყო სუნთქვის უკმარისობა. გამოიძახა სასწრაფო და გადაიყვანეს აზოტის კლინიკაში.

იმდენად მძიმე შეიყვანეს ფორმა 100-ში მითითებულია, რომ პაციენტი იმდენად მძიმედ იყო და იმხელა სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, რომ ექიმებს ვერ უთხრა რა სვავდა. ემერჯენსში გაითიშა და რამდენიმე საათში დაიღუპა.

როდესაც მამამისი გადაიყვანეს რეანიმაციაში, ჩემი დისშვილი შეშფოთდა, წავიდა ავერსის კლინიკაში რენტგენის გადასაღებად. რა თქმა უნდა, მასაც დაუდასტურდა ფილტვების ანთება.

ჩემი ოჯახის მოთხოვნაა, რომ ყველამ უნდა გამოვავლინოთ ექიმები, რომლებიც ასე გულგრილად ექცევიან პაციენტებს. რადგანაც ჩვენ დავიცვათ სხვების სიცოცხლეც. ასეთი შემთხვევა რომ კიდე არ გამეორდეს. ექიმს ჩემი სიძისთვის სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება რომ მოეთხოვა, აუცილებლად საერთო ანალიზში ლეიკოციტები და როე იქნებოდა მაღალი. დარწმუნებული ვარ ამას მაინც მიხვდებოდა, რომ სადღაც ანთებითი პროცესი იყო. დაუნიშნავდა სათანადო მკურნალობას და დღეს ის კაცი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. აუცილებლად მივმართავთ ორშაბათს მარდალეიშვილის კლინიკას, გამოვითხოვთ მის დასკვნებს და შემდეგ სათანადო რეაგირება ექნება ამას",- განაცხადა ლია შუბითიძემ.

როგორც კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, ლალი ღირსიაშვილმა განგვიცხადა, მათთან შეყვანილ პაციენტს კვლევების მიხედვით სუნთქვის უკმარისობა და ორ მხრივი პნევმონია დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა კი კრიტიკული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ექიმ თამარ მარხვაიძესაც, რომელმაც პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მისი თქმით, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო მოიკვლევს საკითხს და შემდეგ გაირკვევა დამნაშავე არის თუ არა.

"ჩემი პოზიცია არის ასეთი, რეგულირება გაარკვევს ყველაფერს. ძალიან გთხოვთ, როცა დაიდება პასუხი მეორე რეპორტაჟი გააკეთეთ, თუ დამნაშავე ვარ ჩემზე დაწერეთ, თუ არადა ისიც დაწერეთ, რომ ექიმი არაფერ შუაში არაა. ვნახოთ, რას დადებს რეგულირება",- განგვიცხადა მარხვაიძემ.

"ინფო რუსთავი" ესაუბრა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს კობა კიკნაველიძესაც, რომელიც აცხადებს, რომ თენგიზ კობერიძე მათი პაციენტი არ იყო.

"ეს პაციენტი არის კერძო დაზღვეული პაციენტი. საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიის ექიმები ტერიტორიულად არიან სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის ჩვენთანაც. კერძო სადაზღვეო კომპანიის ექიმი არის ჩვენს პოლიკლინიკაში და იღებს კერძო დაზღვეულ პაციენტებს. ამ შემთხვევაში მთელი დოკუმენტაცია, რომელიც იწარმოება ამ პაციენტთან დაკავშირებით ეკუთნის კერძო სადაზღვაოს. ჩვენი კლინიკის პროგრამაში, მომართვიანობაში არ ირიცხება, რადგან მან მიმართა თავისი კლინიკის ექიმს. შესაბამისად მოხდა ყველანაირი დოკუმენტაციის წარმოება ამ ექიმის მიერ სადაზღვეო კომპანიის პროგრამით",- განაცხადა კიკნაველიძემ.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები