რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს

2024-02-08 20:22:10

რუსთავში, 24-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწალემ სკოლის მეორე სართულზე წიწაკის სპრეი გაუშვა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს მშობლები უყვებიან, ბავშვებს თვალების წვა, ცრემლდენა და ხველა აღენიშნებოდათ, ერთ-ერთი მათგანის, მე-5 კლასელი გოგონას გადაყვანა კი კლინიკაში გახდა საჭირო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, თამარ გოგაძის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

"ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა იყო რაღაც მსგავსი შემთხვევა და ამ წუთას ნორმალურადაა ყველაფერი. არც ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ გოგონასთან არ გავრისკეთ, რომ რაიმე გართულება არ ყოფილიყო და დაგვჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები და მანდატურის სამსახური", - აცხადებს გოგაძე.

რაც შეეხება მე-5 კლასელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის ცნობით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ბინაზე გაეწერა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები