კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

2024-02-06 12:53:58

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

"თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.

საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში, სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა.

შედეგად, 8 იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

1. იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;

2. იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);

3. იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები - ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);

4. იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი - არიპრადა;

5. იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი - ზინასენი N60;

6. იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი - ლორნიკუსი ამპულა N1;

7. იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები - ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;

8. იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი - ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს - მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას.

ვრცლად: https://gcca.gov.ge/index.php?m=370&news_id=1446