ლარში აღებულ 184 ათას სესხზე პროცენტი მცირდება

2024-01-31 13:56:34

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა.

შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.

ორგანიზაციამ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული1 და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

"184,391 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.4 მლრდ ლარის (43%). დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული - 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს.

წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნესსესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.

მათივე ინფორმაციით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 17%-ით გაიზარდა და 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით 29 მლრდ ლარს მიაღწია, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2016-2023 წლების საშუალო ზრდის მაჩვენებელს 24%-ს. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს.

"1 დეკემბრის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახლოებით 0.6%-ით ნაკლებია წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და დეკემბრის თვეში 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 9.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო მაისის თვიდან“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, ვფიქრობთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და ეროვნული ბანკს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა გასული წლის ბოლოდან მოუწია. რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ცვლილება 2024 წელს ინფლაციის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.