ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

2024-01-24 15:11:08

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხელბორკილის გამოყენების მიზანშეწონილობის წესები დაამტკიცა.

საგამოძიებო სამსახურმა მიღებული წესების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

"კონსტიტუციით არსებული ვალდებულების გარდა, გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი გაეროს და ევროპის საბჭოს საზედამხედველო ორგანოების იურისპრუდენცია. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ხელბორკილის გამოყენების უწინარეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს ეჭვმიტანილის/ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფიზიკური წინააღმდეგობის განეიტრალება, თავისთვის ან მესამე პირისათვის ზიანის მიყენების აღკვეთა ან გაქცევის საფრთხის შემცირება. ხელბორკილის გამოყენება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ხსენებული მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ ინტენსივობით, რაც მკაცრად აუცილებელია ამ მიზნისათვის", - წერია დოკუმენტში.

ხელბორკილის გამოყენებისას დამკავებელმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები:

კანონიერება; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

პიროვნების ღირსების ხელშეუვალობა;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები.

რაც შეეხება ხელბორკილის გამოყენების წესს, ხელბორკილის გამოყენების წესები შემდეგია:

ხელბორკილი გამოიყენოს დაკავებული/დაპატიმრებული პირის მკლავთან შესაბამისობაში და თავიდან აიცილოს ხელბორკილის მოჭერა/სხეულის დაზიანება.

პირს, ვისაც ხელბორკილი დაედო, დამკავებელმა ჰკითხოს, ხომ არ არის ხელბორკილი ძალიან მჭიდროდ მოჭერილი.
მიზანშეწონილია, დამკავებელმა ფიზიკურადაც შეამოწმოს ხელბორკილი მაჯაზე ხომ არ არის მოჭერილი და საჭიროების შემთხვევაში მოუშვას ისინი, ამასთან გაითვალისწინოს დაკავებული დაპატიმრებული პირის ფიზიკური

წინააღმდეგობის გაწევის/გაქცევის რისკები;

ხელბორკილის გამოყენება უნდა აისახოს შესაბამის ოქმში;

დამკავებელმა გააფრთხილოს დაკავებული პირი, რომ ხელბორკილმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, თუ ის წინააღმდეგობას გასწევს.

ხელბორკილის დადება დაკავებული პირის ზურგს უკან ხელების შებორკვით უნდა მოხდეს როდესაც დაკავების ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიმალვის რისკის თავიდან აცილება და დაკავებაში მონაწილე პირების/დაკავებულის უსაფრთხოების დაცვა
ხელბორკილის სხეულის წინა მხარეს დადებით ვერ მოხერხდება.

დოკუმენტში, ასევე ხაზგასმულია, რომ ხელბორკილის გამოყენებამდე, მიზანშეწონილია დამკავებელმა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაკავებული პირის ასაკი და სქესი, აშკარა ფიზიკური სიძლიერე და სხვა.

გამოყენებისთვის კი ნებადართულია - მეტალის ხელბორკილი და პლასტმასის/სილიკონის ხელბორკილი;