რომელ აფთიაქში გაიყიდება სახელმწიფოს მიერ ფასდაკლებით შეძენილი წამლები

2024-01-20 20:28:00

ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანა ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრომ მწარმოებელი კომპანიებისგან ფასდაკლებით დაიწყო. აღნიშნული წამლების რეალიზაციას კი ტენდერში გამარჯვებულ ფარმაცევტულ კომპანია "გეფაში" მოხდება - ამ თემაზე უფრო დეტალურად რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ ისაუბრა.

"ქვეყანაში ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ ხდებოდა. ეს არის შუამავალი კომპანიები, რომლებიც ინოვაციური მედიკამენტების მწარმოებლებისგან წამალს ყიდულობენ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულ ფასად სთავაზობდნენ. აქ, რა თქმა უნდა, მოგების მარჟა მუშაობს, თუმცა რამდენად გონივრულია ეს მარჟა, უკვე სხვა საკითხია", - აცხადებს ლელა სულაბერიძე.

მისი თქმით, ონკო-პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, სახელმწიფომ გადაწყვიტა, თავად გახდეს შუამავალი ამ პრეპარატების შეძენის დროს.

"ონკოლოგიური მიმართულება მძიმე ფინანსური, მორალური, ფსიქოლოგიური ტვირთია ნებისმიერი ადამიანისთვის. სწორედ ამ ტვირთის შემსუბუქების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ მედიკამენტები უფრო მეტი ფასდაკლებით შეეძინა და კონკრეტული თანხის ფარგლებში, რაც 25 000-ლარიან ლიმიტს გულისხმობს თითოეულ პაციენტზე, უფრო მეტი მედიკამენტი შეეთავაზებინა სახელმწიფოს მოსახლეობისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

ლელა სულაბერიძემ ის ფარმაცევტული კომპანიაც დაასახელა, სადაც აღნიშნული მედიკამენტის რეალიზაცია მოხდება. "ფარმაცევტული კომპანიების "როშეს", "ნოვარტისისა" და "ასტრა ზენეკას" პროდუქცია, რომელიც საქართველოში სახელმწიფოს შუამავლობით შემოვა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გეფას" ("ფარმადეპო", "ჯიპისი") სააფთიაქო ქსელში გაიყიდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "როშეს" მედიკამენტები უკვე საქართველოშია და პაციენტებისთვის ის სრულიად ხელმისაწვდომია, "ნოავრტისთან" ხელშეკრულება გაფორმებულია და ამ კომპანიის მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში ასევე მალე იქნება", - აღნიშნა ლელა სულაბერიძემ.