აეროპორტში ნაღმს ეძებდნენ

2024-01-20 20:17:25

ბათუმის აეროპორტში შესული ცრუ შეტყობინების გამო ნაღმს ეძებდნენ.

აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 17:00 საათისთვის შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე აეროპორტში განგაში გამოცხადდა - მგზავრებს და პერსონალს აეროპორტის ტერიტორია დაატოვებინეს.

ნაღმის სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კინოლოგები.

ცრუ შეტყობინების გამო გადაიდო ბათუმი-სტამბოლის ფრენა, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო.

აეროპორტის წარმომადგენელი "ბათუმელებთან" ამბობს, რომ ამ დროისთვის სამართალდამცავებმა აეროპორტში მუშაობა დაასრულეს [19:20 საათი], ხოლო პერსონალი და მგზავრები აეროპორტში დაბრუნდნენ.

თურქეთის ავიახაზების დაგვიანებული რეისზე მგზავრთა რეგისტრაცია ცოტა ხანში დაიწყება.