კაცს, რომელიც კახეთში დაჭრის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია იმ ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც ერთ-ერთ სოფელში, 19 იანვარს მოხდა.
არასრულწლოვანი გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა, ფაქტის გახმაურების შემდეგ კი მოძალადე ბავშვის მეორე ბიძამ დაჭრა. გამოძიება მის წინააღმდეგ 19/108 -ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამძიმდა, რადგან თავდაპირველად საქმე 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით იყო აღძრული. ბრალდებული ფაქტს აღიარებს. ის პოლიციას თავადვე ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი დანაც, პოლიციას თავადვე მიუტანა. სწორედ ამიტომ, დაცვის მხარე სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე კაცის ორი ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რაც შეეხება გაუპატიურებაში ბრალდებულს. ის ამჟამად საავადმყოფოშია და მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
საავადმყოფოშია მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი მოზარდიც.