კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაღაზიათა ქსელ "მეგატექნიკის" მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაადგინა.
ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
"საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მაღაზიათა ქსელ "მეგატექნიკის" მიერ მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაადგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
ინფორმაციისთვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი, ხოლო 7 შემთხვევაში არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 98 შეთანხმება გაფორმდა", - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.