საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
"სხდომაზე განხილულ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი. აღინიშნა, რომ 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3,0 თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.
მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.