რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში

2023-12-30 14:47:20

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.

"ზუსტად 3 წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება, პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, 3 წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები.

ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებულად ვაფასებ და მინდა ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში, ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს, სიტყვა შევასრულე და მივიღე ისტორიაში უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან 1 წელიწადში საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი.

ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი 1 წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და პოლიტიკურ დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

პირველად პოლიტიკაში 2018 წელს მომიწია შემობრუნება, მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და ამისთვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეკისრა და გუნდს რომ კონსულტაციებით არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიისთვის გუნდის ყოფილი ლიდერისგან რჩევის მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.

დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამწვავებებიც გაიზარდა, შესაბამისად, გართუდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი, ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება", - აცხადებს ივანიშვილი.