"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფის გაზრდა კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის ფასზე არ იმოქმედებს.
როგორც დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ წყლის ტარიფის გაზრდის პარალელურად, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება და ეს ორი ერთმანეთს აბალანსებს.
"არანაირად არ დააწვება [პურის ფასს], რადგან მოგვიანებით გავიგეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასმა დაიკლო. ეს ერთმანეთს აბალანსებს და [შესაბამისად,] არ აისახება პურის ფასზე", - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. კერძოდ, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. დადგენილი ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
როგორც სემეკის სხდომაზე დაამტკიცეს, 1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.