"პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს მომსახურების ღირებულება"

2023-12-26 15:42:52

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას.

აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.