2025 წლიდან ნებისმიერი ორგანოს გადანერგვისთვის სასამართლოს თანხმობა იქნება საჭირო - შესაბამისი ცვლილებები "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" კანონში მიიღეს. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლო ვალდებულია მოსამართლეთა შესაბამისი კომპეტენცია უზრუნველყოს და 2025 წლამდე მოსამართლეები გადაამზადოს.
BM.ge-ს ეთერში საუბრისას ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ აღნიშნა, რომ ისედაც გადატვირთული სასამართლოს პირობებში ოჯახის წევრებისთვის გადანერგვაზე სასამართლოს მოცდენა გამართლებულად არ მიაჩნია.
"გამოკვლევაა საჭირო იმისთვის, რომ დავადგინოთ არსებობს თუ არა დონორსა და რეციპიენტს შორის რაიმე ფინანსური გარიგება. ეს საკმაოდ ძნელი გამოსაკვლევია. ძალიან მაღალია რისკი. ცოცხალი დონორობის შემთხვევაში თუ დონორი არის ნათესავი, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრო იძლეოდა ნებართვას, თუ ეს იყო არა ნათესავი, არამედ ახლო ემოციურ სიახლოვის მქონე პირი, რა ცნებაც შემოვიდა 2015 წლის შემდეგ ჩვენს კანონმდებლობაში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. ახალი კანონის თანახმად ყველა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
სასამართლო ახლაც გადატვირთულია, იქ რომ გაიტან საკითხს, დედა ან მამა რომ აძლევს ორგანოს შვილს, ამდაგვარ საკითხებზე სასამართლოს მოცდენა ცოტა ისე მიმაჩნია. 2015 წელს, როცა მოხდა კანონის ლიბერალიზაცია, მეგობრები, როგორც დონორები გაჩნდნენ უკვე 65%-ის შემთხვევაში, რაც ცოტა გარკვეულ ეჭვს ბადებს. მეტი დროის დათმობაა საჭირო მათი რეალობის დასადგენად, რადგან იყო ასეთი შემთხვევა, როცა დონორი იყო ერთი ქვეყნიდან, მეორე ქვეყნიდან რეციპიენტი. ამბობდნენ რომ იყვნენ მეგობრები, როცა ერთმანეთის ენა არ იცოდნენ...
ასოციაციასთან არსებულმა ეთიკურმა საბჭომ მათ სასამართლოს თანხმობა მოსთხოვა და მათ მოიტანეს სასამართლოს თანხმობა. ბევრია ასეთი შემთხვევები, როცა ეჭვი ჩნდება. ამას 2-3 დღეში ვერ დაადგენ. პაციენტსაც არ აქვს იმის დრო, რომ თვეობით ელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგალითად, ღვიძლის გადანერგვის დროს ამდენი დრო არ არის", - ამბობს გია თომაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის. 2015 წლიდან კანონში შესული ცვლილებით, დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვაზე სასამართლო იძლევა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრო.