საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ავტოიმპორტიორთა საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის - შპს "რუსთავის ავტობაზრობის" მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა დაიწყო.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის დადგენას. შესაბამისად, მომჩივანი მხარეები "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში ითხოვენ სააგენტოსგან კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამოკვლევას.
სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 14 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა.
ცნობისთვის, 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა, 2 საქმესთან დაკავშირებით განმეორებით გაიცა საჯარიმო საქნცია და 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ ეტაპზე, სააგენტო 5 საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს.