"თვითდაზიანების მიყენების დავალებას აძლევენ" [video]

2023-11-04 17:45:11

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, დაუკავშირდა და უამბო სოციალურ ქსელებში არსებულ სახიფათო დახურულ ჯგუფებსა თუ ჩატებზე, სადაც ძირითადად არასრულწლოვანები არიან გაწევრიანებულები. [ვიდეო/video]

ი.რ.-მ, პირობითად დავარქვათ ჩვენს რესპონდენტს, გვიამბო მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გამოცდილების შესახებ.

მისი თქმით, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ფეისბუქზე 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებიან და სხვადასხვა ჩატებში აწევრიანებენ, სადაც არასრულწლოვანებს სხვადასხვა დავალების შესრულებას სთხოვენ.

დავალებებს შორისაა სხეულზე თვითდაზიანების მიყენება და ამის ამსახველი ფოტოსურათების მათთვის გაგზავნა, ასევე ეროტიკული ხასიათის ფოტოების გადაღება და გაგზავნა, რაც შესაძლოა, საბოლოოდ, სხვადასხვა ყალბი ექაუნთის პროფილებზე ან სთორებში აღმოჩნდეს, ან უბრალოდ ბავშვების დასაშანტაჟებელ ხერხად იქცეს.

"სანამ ჯგუფებამდე მიხვალ უნდა გაიარო რამდენიმე ეტაპი, პირველ რიგში ხდება მესინჯერის ჩატში შეკრება. თუ შეასრულებ კონკრეტულ დავალებას, ნელ-ნელა ხდება მათი ნდობის მოპოვება. ძირითადად თვითდაზიანების მიყენების დავალებას აძლევენ, შემდეგ ფოტო უნდა გადაიღოს და გაუგზავნოს. პირადად ჩემი ახლობელი კონტაქტზე აღარ გავიდა და არ ისურვა მათი წევრი გამხდარიყო",- ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისი თქმით, არის შემთხვევებიც, როცა არასრულწლოვანთა ფეისბუქ პროფილებიდან ხდება სურათების აღება, მათი სახელით ყალბი ექაუნთების შექმნა და ამით შანტაჟი.

ი.რ.-მ ჩვენ გამოგვიგზავნა ფეისბუქზე ერთ-ერთი პიროვნების ექაუნთი, სადაც სთორების ველში არასრულწლოვანებთან უცენზურო დიალოგების ამსახველი ჩატების სქრინებია გამოქვეყნებული.

ყალბ ექაუნთს სთორებში საჯაროდ უდევს არასრულწლოვანების ეროტიკული ფოტოებიც და სხეულის ნაწილებზე დაზიანებების მიყენების შემდეგ გადაღებული ფოტოებიც.

ი.რ. მოუწოდებს მშობლებს ყურადღებით იყვნენ თავიანთი შვილების სოციალურ ქსელებთან და აკონტროლონ რა ჩატებსა და ჯგუფებში არიან გაწევრიანებულები ბავშვები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები