რუსთავში, შესაძლოა, პიროტექნიკის გამოყენების წესი დამტკიცდეს.
აღნიშნული ინიციატივით საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრთამ ქალაქის მერიას უკვე მიმართა.
ფრაქციის წევრის, ამირან ჯანჯღავას თქმით, შესაძლოა, აღნიშნული წესით, პიროტექნიკული ნაკეთობების გამოყენების დრო და ადგილი განისაზღვროს.
"რადგანაც მოახლოებულია წინასაახალწლო პერიოდი და ვიცით, რომ სამწუხაროდ ამ დროს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შემთხვევები იზრდება, რაც სხეულის დაზიანებას, გარემოს დაბინძურებას და სხვადასხვა პრობლემას იწვევს, ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა, თუ მეტ აქცენტს გავაკეთებდით ამ ყველაფერზე და ინიციატივით შევიდოდით, რომ საკრებულოს ჰქონდეს პიროტექნიკის გამოყენების წესი.
მთავრობის დადგენილებით, მუნიციპალიტეტებს აქვთ კიდეც ეს ვალდებულება და მერე უკვე უნდა განსაზღვრო შესაბამისი აღამსრულებელი ორგანო, ამ შემთხვევაში ჩვენ დებულებაში მუნიციპალური ინსპექციის სახით გვაქვს გაწერილი.
ჩვენი მიზანია ისიც, რომ ცნობიერების ამაღლებაც მოხდეს და ერთგვარი კამპანიაც იყოს.
ძირითადად საუბარია პიროტექნიკული ნაკეთობების გამოყენების ადგილების მითითებაზე, საათობრივ განსაზღვრაზე. ეს არ არის პირდაპირი წესით შეზღუდვის ფორმა, ეს არის პრევენციული ხასიათის ღონისძიება, რათა განვსაზღვროთ, სად უნდა გამოვიყენოთ, რა ფორმით, რომელ საათებში, რომ არც ადგილობირივი მოსახლეობის ინტერესები დავაზიანოთ და არც ეკოლოგიური გარემო", - განაცხადა ჯანჯღავამ.