სინგაპურული კოპორაცია Indorama "რუსთავის აზოტის" გლობალურ მწარმოებლად გარდაქმნას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, პრაკეშ კეჯრივალმა განაცხადა. მისი თქმით, Indorama-ს მიზანია, რომ "რუსთავის აზოტის" მიერ წარმოებული ქიმიური სასუქები რეგიონის და რეგიონს მიღმა ბაზრებზე აქტიურად იყოს წარმოდგენილი. განცხადება მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გააკეთა.
საქართველოში ამ წლის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტი და ამჟამად ჩვენ ვგეგმავთ ის გლობალურ მწარმოებლ ქარხანად ვაქციოთ, რომ რეგიონის და რეგიონს გარეთ ბაზრებს მივაწოდოთ პროდუქცია. ეს საქართველოს აქცევს ქიმიური სასუქების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ მწარმოებლად.
ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ბიზნესისთვის საკმაოდ ხელშემწყობი გარემო, მარეგულირებელი ჩარჩო ბიზნესისთვის ხელსაყრელია, ხოლო გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს კარგ შესაძლებლობას მოემსახურონ როგორც რეგიონულ, ასევე EU-ს ბაზრებს",- განაცხადა კეჯრივალმა.
საქართველოს ბიზნესგარემოს გამოწვევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კეჯრივალმა განაცხადა, რომ საქართველოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, თუმცა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა დამატებით გაუმჯობესებას საჭიროებს.
"რაც შეეხება გამოწვევებს ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო, რათა ტვირთების მოძრაობას ხელი შეეწყოს და ეს უფრო ხელსაყრელ ფასად იყოს შესაძლებელი. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ საქართველო საკმაოდ კარგად პოზიციონირებს. ვამბობ, რომ საქართველოში საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მისცემს ბაზრების უკეთესად ათვისების შესაძლებლობას",- ამბობს პრაკეშ კეჯრივალი.
2023 წლის 9 თვეში საქართველომ $123 მილიონი დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქები გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით ნაკლებია. Indorama-ს CEO-ს განცხადებით, შემოსავლების კლება ამ საქონლის ფასის ვარდნით არის განპირობებული, თუმცა ექსპორტის მოცულობები წლიურად შემცირებული არაა.
"რაც შეეხება რუსთავის აზოტიდან ექსპორტის მაჩვენებლებს. მოცულობების მხრივ შემცირება არაა, თუმცა შემოსავლები არის შემცირებული, რაც ამ საქონლის გლობალურ ფასს უკავშირდება. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ამ საქონლის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ხოლო წელს მისი ფასები დაკორექტირდა",- ამბობს პრაკეშ კეჯრივალი.
რამდენიმე დღის წინ, "რუსთავის აზოტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ კომპანია ქარხნის განვითარებაში $250-300 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, რითიც კარბამიდის ახალი საწარმოს აშენება და ამიაკის საწარმოო ხაზის გაფართოება იგეგმება.
წყარო: BMG