რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილის აკადამიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

2023-10-23 15:10:07

რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში რუსთავის ყველა ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგიკის და ბავშვთა ფსიქოლოგიის ტრენინგ-კურსებს გაივლიან, რომელსაც თავად შალვა ამონაშვილი უხელმძღვანელებს.

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის მედიათეკაში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბაგა-ბაღების აღმზრდელები ესწრებოდნენ.

როგორც შალვა ამონაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბაგა-ბაღების აღმზრდელები ტრენინგ-კურსებს წელიწად ნახევრის განმავლობაში გაივლიან.

"დღეს 23 ოქტომბერია და თუ ჩვენ მემორანდუმი კეთილსინდისიერად და სრულად შევასრულეთ ეს ერთი კარგი ფურცელი იქნება ქართული განათლების ისტორიაში. რადგან მიზნად ვისახავთ, საგანმანათლებლო სფეროში, პირველ რიგში პატარა ბავშვებთან საბავშვო ბაღებში შევიტანოთ ჰუმანური პედაგოგიკის იდეები.

ამ იდეებზე აღზრდილი ბავშვი, რა თქმა უნდა, უფრო განვითარებული და დაწინაურებული იქნება. ღონისძიებები ბევრია დაგეგმილი. ყველა, ვინც კი საბავშვო ბაღის მუშაკია, უნდა გაიაროს გადამზადება ეტაპობრივად დუშეთში. ჯგუფ-ჯგუფად ჩამოვლენ, მათთან ვიმუშავებთ, ჩვენც ვივლით საბავშვო ბაღებში, დავათვალიერებთ, როგორ მიემართება პროცესები, სად წარმატებას ვაღწევთ და სად შეიძლება შევფერხდეთ კიდეც.

იმედი მაქვს, რომ წელიწად ნახევრის შემდეგაც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, როგორც ამბობენ, მოქანდაკე ძეგლს რომ შექმნის და დადგამენ სადმე, მოუნდება, რომ მივიდეს და ნახოს თავისი ძეგლი. ასე მოგვინდება ჩვენც, ვნახოთ რა პროცესებია რუსთავის ბაღებში",- განაცხადა შალვა ამონაშვილმა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, აღმზრდელების გადამზადებით სრულიად ახალი მიდგომები დაინერგება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.

"რუსთავში ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს. იცით, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პრემიერის ინიციატივით 900-მდე ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება და ჩვენ ადგილობრივ დონეზე, როგორც უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიმართულებით, მუშაობა დავიწყეთ სააღმზრდელო პროცესის იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი. დღევანდელი ჩვენი მემორანდუმიც ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენი თანამშრომლების გადამზადება მოხდეს და დავნერგოთ სრულიად ახალი მიდგომები სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით",- განაცხადა ლაცაბიძე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები